დღეს, ოზურგეთში, პირდაპირ ხეზე მოკრეფილი, გაურჩეველი თხილი, ერთი კილოგრამი სამი ლარი ღირს. თბილისიდან მოწოდებული ინფორმაციით კი, რასაც ფოტომტკიცებულებაც მოჰყვა, მარკეტებში ერთ კილოგრამს 9.95 ლარად ყიდიან.
ერთ დროს გურულების მარჩენალ კულტურად წოდებულმა თხილმა, როგორც ადგილობრივბი ამბობენ, გული ცოტათი „დაიმდიდრა“ თუ არა, ბაზარში უკრეს თავი.
_„ქეჩხოში გაჭედილი“, ჯერ მწვანე „სამოსიდან“ რომ ვერ გამოარჩევ, მერე გულსაც რომ ძლივს „გამოტიკნი“, ზოგი სულ ჭყაპია, ერთი კილოგრამი 3 ლარი ღირს. თბილისში, სულ ცეცხლი უკიდია, თურმე! ჯერ გული კარგად არც დაუმდიდრებია. რა გინდა რომ თქვა. შარშანდელ, საუცხოო ხარისხის თხილს, ერთ კილოგრამს სამ ლარად იბარებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ხარისხიანია თუ უხარისხო. კრეფის სეზონის დაწყებამდე „გვისიგნალებენ“, 2 ლარის მეტი არაფრით არ ეღირებაო! ახლა კლიენტი უნდა ვეძებოთ! წინადადება გვაქვს, შევუშვებთ პლანტაციაში, მოკრიფონ და დაბდღვნან, როგორც სურთ, ერთ კილოგრამს მივცემთ სამ ლარად,…ჰაი, ჰოუ! გვეშველა… _ მხიარულობენ თხილის მიმღებ პუნქტებთან ჩამწკრივებული გურულები. თან ქვეყნის პოლიტიკურ ამბებს განიხილავენ.
აქვე გვითხრეს ისიც, რომ წელს, თხილის ფასის არსებული სამწუხარო პროგნოზის გამო, ბევრი საკუთარ პლანტაციაში მოუკრეფავს დატოვებს მოსავალს და თურქეთში წავა სამუშაოდ, თხილის საკრეფად.
ავტორი