გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორატმა კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ საუბარში ადასტურებს გიორგი ჯორბენაძე, რომელიც კლუბში ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა.
„როგორც იცით, აუქციონის წესით „გურიას“ მართვის უფლება „ბლექ სი მედია ჯგუფმა“ მოიპოვა, ისინი გადაიბარებენ გუნდს, ჩვენ კი წავალთ“, _ გვითხრა ჯორბენაძემ და აქვე ისიც დაადასტურა, რომ წასვლის თაობაზე განცხადება დირექტორატის სრულ შემადგენლობას აქვს დაწერილი.
აღნიშნულ ინფორმაციას „გურიას“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ყენიაც ადასტურებს, რომელმაც კლუბი მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაიბარა. თუმცა, ყენია დეტალებზე არ საუბრობს.
კლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ამ ჯერზე საუბრისგან თავს იკავებს აუქციონში გამარჯვებული კომპანიაც. მათი თქმით, ხელშეკრულება მერიასთან უკვე გაფორმებულია და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.



































































