საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებულ ჯამში 640 763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე.
ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.
ამასთანავე, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 500 000 ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.