ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი, რომლებიც არიან ან იყვნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები, ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთი მოქალაქეების მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში – ამის შესახებ ინფორმაციას aa.com.tr ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 21 სექტემბერს რუსეთში ყირგიზეთის საელჩომ თავის მოქალაქეებს აცნობა, რომ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და რომლებსაც მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საომარ მოქმედებებში, ურჩევენ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
ომში წასული პირებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, ასევე შესაძლებელია ქონების ჩამორთმევაც. ანალოგიური პოზიცია დაიკავა უზბეკეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებამაც.
რუსეთის ფედერაციაში უზბეკეთის საელჩომ განაცხადა, რომ აფრთხილებს თანამემამულეებს მოხალისეთა ბატალიონების შექმნისა და/ან საომარ მოქმედებებში მონაწილეობა უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე, რისთვისაც დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ყაზახეთში იგივე დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე, რაც გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით.
შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, დღეს სამთავრობო ტელევიზიით გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, “ხალხის დასაცავად“, ყველა საშუალებას გამოიყენებს.
ცნობისთვის, ყაზახეთი და ყირგიზეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, იგივე ОДКБ-ს წევრი ქვეყნები არიან. ეს რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსია, რომელშიც ამ დროისთვის 6 პოსტ–საბჭოთა ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებული. ალიანსი იღებს ვალდებულებას, რომ თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდნენ, მტერს შესაბამის პასუხს გასცემდნენ.
ავტორი