ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ამ დროისთვის, მხოლოდ შეიარაღებული თავდამსხმელი რჩება – ყველა მძევალი უკვე თავისუფალია და სამართალდამცველებმა ისინი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაიყვანეს.
თავდამსხმელი ბანკში დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა.
პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.