რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში მომხდარ თავდასხმას “სისხლიანი ტერორისტული აქტი” უწოდა – მისი თქმით, მსოფლიო “ვალდებულია დაგმოს ეს საზარელი დანაშაული”.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა კი ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ტერორისტებს მხოლოდ “საპასუხო ტერორით” უნდა დაუპირისპირდნენ:
„თუ დადგინდა, რომ ესენი არიან კიევის რეჟიმის ტერორისტები, შეუძლებელია მათთან და მათ იდეოლოგიურ ინსპირატორებთან სხვაგვარად მოქცევა. ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები. მათ შორის იმ სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი სისასტიკე“, – წერს ის.
„დეგენერატები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ამაზრზენი ტერაქტი, უნდა განადგურდნენ“, – აცხადებს დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.
შეგახსენებთ, მოსკოვში მომხდარ თავდასხმას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 60 ადამიანი და დაჭრილია 145-ზე მეტი.