პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ყველას მოუწოდებს წაშალოს ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ ეხმარება გამვლელი ქალბატონი ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმიანება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, არასრულწლოვნის გამოსახულების, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის და ხმის ემოციური მდგომარეობის, შემცველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს. ვიდეოჩანაწერის შინაარსი ცხადყოფს, რომ ჩანაწერის შექმნისას და გავრცელებისას შესაბამისი პირები მოქმედებდნენ აშკარა პირადი მიზნით და არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავების კავშირი მის/მათ სამეწარმეო ან/და პროფესიულ საქმიანობასთან არ იკვეთება. აშკარად პირადი მიზნით მონაცემთა დამუშავების შესწავლა კი არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციას და სცდება კანონით განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებს.
ვიდეოჩანაწერის შინაარსის გათვალისწინებით, ჩანაწერის სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში არსებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს არასრულწლოვნის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია ან ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში იზრდება არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელმა ყველა პირმა წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერი”.