თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ე.წ. 13 პირის საქმე გრძელდება. საქმე შესავალი სიტყვების ეტაპზეა. ამ საქმეში ბრალდებულნი არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კახაბერ კვაჭანტირაძემ პროცესზე განაცხადა:
„ჩვენი ე.წ ხელისუფლება გასული არის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. მე არავის მოვუწოდებ და თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ვარ კანონმორჩილი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე. როდესაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი საგარეო და ზოგადად, განვითარების კურსი არის პროდასავლური, ევროატლანტიკური სივრცის წევრობა და ქვეყნის მხრიდან იდგმება საპირისპირო ნაბიჯები, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. როდესაც შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მინისტრების დონეზე ხდება კორუფციის ფაქტები, ნეპოტიზმის ფაქტები, დადასტურებული ფაქტები, მე, როგორც მოქალაქეს, ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ ხელისუფლებას ათმაგი და ასმაგი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, რომ როგორც მინიმუმ, გადადგეს და გამოაცხადოს რიგგარეშე არჩევნები. ერთადერთი გზა საქართველოს ხსნისა არის დემოკრატიული, მშვიდობიანი გზით. ჩვენ გამოვიარეთ 90-იანი წლები და კარგად დავინახეთ, ის ჭრილობები, რაც მაშინ საქართველოს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლით მოხდა. დღესაც ვიმკით ამ შედეგებს. ვემიჯნები კატეგორიულად ყველანაირ ძალადობას, მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში. როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ბატონი კობახიძე ჩაბრძანდება თეირანში და ტერორისტებთან ერთად დგას, ეს ჩემთვის მიუღებელია; როდესაც კობახიძე თემურ-ლენგის საფლავს გვირგინით ამკობს, ეს ჩემთვის მიუღებელია; სადაც ჩვენს პრეზიდენტად წოდებული პიროვნება თურქეთში დიდგორობას ჩაბრძანდა და მიმართა საზოგადოებას, ეს სიმბოლური აქტი იყო, მაგრამ მიუღებელია. ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა. თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში იმყოფება. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ, პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწიონ დღევანდელ რეჟიმს და ხელისუფლებას, გაუქმებით ემუქრებიან. მე მგონია, რომ ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომელსაც მიაჩნია საკუთარი თავი ამ ქყვენის მოქალაქედ, ვალდებულია, გამოხატოს მშვდობიანი პროტესტი“, – თქვა მან.































































