პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძის შეფასებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს და იგი ზიანს აყენებს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მთლიანობაში საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
“პრემიერ-მინისტრის ბრძანება გაწვევის გადავადების შესახებ ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს, რომელსაც განიხილავს თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია. აღნიშნული მექანიზმი აქამდეც არსებობდა და ახლა ეს პროცესი თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, უფრო მეტად დაიხვეწა – უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური გახდა”, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ და მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელია.
ინფორმაციისთვის, 14 აგვისტოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, „დანართით განსაზღვრულ წვევამდელებს“ სამხედრო სავალდებულო გაწვევა მომდევნო წლის 1 იანვრამდე გადაუვადდებათ.