ვერძი და კურო
ასტროლოგების თქმით, ეს ორი ნიშანი, როგორც წესი, ერთად ყოფნას ვერ ახერხებს. თავიდან შესაძლოა, ენერგეტიკულად იგრძნონ, რომ ერთმანეთთან ახლოს არიან, თუმცა საბოლოოდ, მაინც იმედგაცრუება რჩება. ვერძი საკმაოდ სპონტანური ნიშანია, რომელსაც ახალი გამოწვევების არ ეშინია და აჩქარებული ტემპით ცხოვრობს. კუროს ცხოვრების სტილის შეცვლა კი ძალიან რთულია. ის დინჯი, გაწონასწორებული ნიშანია, რომელსაც დაუგეგმავი სიახლეები არ უყვარს. ამიტომაც, როგორც წესი, ზოდიაქოს ეს ნიშნები ურთიერთობის დროს აღმოაჩენენ ხოლმე, რომ სამომავლოდ არაფერი გამოუვათ.
მორიელი და ლომი
წინა წყვილის მსგავსად, ეს ნიშნებიც თავიდან ერთმანეთისკენ ისწრაფვიან, ორივე საკმაოდ აქტიურია და შესაძლოა, ბევრი საერთო თემაც ჰქონდეთ. თუმცა, როგორც წესი, ისინი ურთიერთობის აწყობას იშვიათად ახერხებენ. ორივე საკმაოდ ამბიციური ნიშანია და დათმობა არ უყვართ. შესაძლოა, უმნიშვნელო შეტყობინების, ან შეცვლილი ტონის გამო ისე იჩხუბონ, რომ აღარასოდეს გააგრძელონ ურთიერთობა. ორივე ნიშანი ძალიან ამაყია და პირველობის, დომინანტობის სურვილი აქვთ. მუდმივ ქიშპში კი მათი ურთიერთობა ინგრევა.
თევზები და ტყუპები
ეს ორი ნიშანი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ტყუპები საკმაოდ მარტივად უყურებენ ბევრ საკითხს, ხშირად ძალიან მხიარულები არიან, სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებენ და გარე აქტივობები მოსწონთ, სახლში ყოფნა დიდად არ უყვართ. თევზები კი ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია, რომლისთვისაც სიყვარული, რომანტიკა, მუდმივი ყურადღება და თბილი, ოჯახური გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თევზები, როგორც წესი, საკუთარი ენთუზიაზმის პარტნიორისათვის გადადებას იწყებენ, ტყუპებს კი ეს აღიზიანებთ. ამიტომ, ეს ორი ნიშანი ცხოვრების სტილით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და როგორც წესი, ურთიერთობის აწყობასაც ვერ ახერხებს.
კირჩხიბი და მერწყული
კირჩხიბი და მერწყული ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავდებიან, რომ მათი ერთად ყოფნა, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელია. მათ ერთმანეთთან არანაირი ემოციური კავშირი არ აქვთ. თითქოს, სხვადასხვა პლანეტიდან არიან. კირჩხიბი ტრადიციებსა და ოჯახს აფასებს, განსაკუთრებულ აქცენტს მეორე ნახევარზე აკეთებს და ზოგჯერ ბედნიერების გამო ბევრ რაღაცას მსხვერპლად სწირავს. მერწყული კი ვერანაირ შეზღუდვას ვერ მოითმენს. მას მუდმივად სურს, სახლიდან გავიდეს და საკუთარი შესაძლებლობები გააფართოვოს. ასტროლოგების თქმით, თუ ეს წყვილი ურთიერთობის დაწყებას გადაწყვეტს, დიდი შანსია, რომ ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნონ.
სასწორი და თხის რქა
ეს ორი ნიშანი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება. სასწორს თავისი იდეალები აქვს, სიყვარულსა და სილამაზეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და არის საკითხები, რაზეც ფიქრობს, რომ ხელოვნების დონეზე უნდა იყოს აყვანილი. თხის რქა კი ხისტი ნიშანია და შესაძლოა, სასწორის მსგავსი ბუნება მისთვის გამაღიზიანებელიც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ითვლება, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური წყვილია. შესაძლოა, სასწორმა ბედნიერებისთვის საკუთარი პრინციპები დროებით დათმოს და თხის რქის თამაშის წესებს აჰყვეს, მაგრამ, როგორც წესი, ეს მცდელობაც წარუმატებლად სრულდება.
ქალწული და მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ცხოვრება ნამდვილი თავგადასავალია და ხშირად შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღონ. ქალწული კი ნამდვილი პერფექციონისტია და შედეგის მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ორი ნიშანი ერთმანეთს ბევრ საკითხში ვერ უგებს. ქალწულს სტაბილურობა და ოჯახური ბედნიერება სურს, მშვილდოსანს კი კომფორტის ზონიდან გასვლა და ახალი გამოწვევებით ცხოვრება უყვარს. ამიტომაც, ქალწული ასეთი პარტნიორის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. თავის მხრივ კი, მშვილდოსანი მასთან ურთიერთობას მოსაწყენს უწოდებს. შედეგად, ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.
ავტორი