“ყვითლად შეღებილი ქათამი – რას ჭამთ, როდესაც გგონიათ, რომ სოფლის დედალს მიირთმევთ”,_ ამ სათაურით “რადიო თავისუფლება” ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს.
ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაიგებთ, რას ჭამთ, როდესაც გგონიათ, რომ ნატურალური საკვებით გაზრდილ ქათამს მიირთმევთ. გიყვებით, როგორ იყენებენ საქართველოში ქიმიურ საღებავებს, რომლებიც ევროკავშირში მკაცრად კონტროლდება და ჯანმრთელობის რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია გასაყვითლებლის დოზის გადამეტებას.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ერთი მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 24 კილოგრამ ფრინველის ხორცს ჭამს – მთლიანად ქვეყანაში წლის განმავლობაში 77 ათასი ტონა (2024 წლის მონაცემებით) ქათმის ხორცი მოიხმარება და აქედან 35%, 26 ათასი ტონა, საქართველოშია წარმოებული.
საუკეთესოდ ყვითელი შეფერილობის ქათამი ითვლება. უმრავლესობა ხორცს ამის მიხედვით არჩევს. ბაზარიც მაქსიმალურად ცდილობს მოთხოვნას უპასუხოს.
ქათმის საკვებში ურევენ ყვითელ, ხშირად სინთეზურ პიგმენტს, რომელიც ფრინველის კანს შესამჩნევად აყვითლებს და ეს “სოფლის დედლის” ფერი რომ ძირითადად საღებავის დამსახურებაა, მყიდველს არავინ ეუბნება.
ქიმიურ პიგმენტს, რომელსაც ქათმის საკვებში ამატებენ, ნუტრიციული ღირებულება არ აქვს – ქათმის კანს და ხორცს მხოლოდ საბაზრო მიმზიდველობას სძენს, და არასწორი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოც იყოს – გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოშლა, ღვიძლის დაზიანება.
ვრცლად: რადიო თავისუფლება
































































