ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია.
ინტენსიურად იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. 13 მიმართულებით 15 ერთეული სპეცტექნიკა ამ დრომდე მუშაობს, ასევე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და წყალსადენი სისტემების აღდგენა. ბოლო მონაცემებით ენერგომომარაგება აღდგენილია, ხოლო წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ბუკნარის, ციხისძირისა და ქვედა კვირიკეს მოსახლეობას (670 აბონენტი).
სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ოცზე მეტ საცხოვრებელ სახლს, მათ შორის ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია. ოჯახები ევაკუირებულია და მათ საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულებს სათანადო დახმარება გაეწევათ. მათ მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს.
დაზარალებულების მდგომარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ. გზების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი პირადად ხელმძღვანელობდა.
სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. (R)