გუშინ,შ ინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ოზურგეთის ყოფილი კინო-თეატრის შენობის გარე ფასადიდან ალუმინის ფირფიტები მოიპარეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. თუმცა, როგორც გაირკვა, ქურდობას ადგილი არ ჰქონია.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ზემოაღნიშნულ შენობის ფასადზე გამაგრებით სამუშაოს აწარმოებდნენ. მათ ალუმინის დაზიანებული ფირფიტების ნაწილი კედელზე გაამაგრეს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც გამაგრებას და აღდგენას არ ექვემდებარებოდა, მოხსნეს და კეთილმოწყობის სამსახურის შენობის საწყობში განათავსეს, შესაბამისად, ყოფილი კინო-თეატრის შენობის გაქურდვის ფაქტი არ დადასტურდა.
“ვინაიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიმდინარე გამოძიება შეწყდება”, _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.