როდისმე გინახავთ, როგორ წვავენ ფულს?! თანაც ამას შეშლილი მილიარდერები კი არ აკეთებენ, არამედ, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სულაც არ არიან მდიდრები, უბრალოდ, მათ ასეთი ტრადიცია აქვთ.
ჩინეთში არსებობს ეგრეთ წოდებული „რიტუალური ფული.” მას ასე უწოდებენ: „განსაწმენდელის ბანკის კუპიურები“. ჩინელებს სწამთ, რომ გარდაცვლილთა სულები ხვდებიან სამეფოში, სადაც ყველაფერს განაგებს სამყაროს მბრძანებელი – იანლო–ვანი. ამ ღვთაებას ხარის თავი და ცხენის სახე აქვს. იანლო–ვანი არის უზენაესი მსაჯულიც – ის წყვეტს სულების შემდგომ ბედს. ბოროტები ჯოჯოხეთში ხვდებიან ან საშინელ არსებებად გარდაიქმნებიან და მიწაზე ბრუნდებიან.
კარგი ცხოვრებისთვის კეთილ სულებს იანლო–ვანის საუფლოში ფული სჭირდებათ – რაც მეტი, მით უკეთესი. ცოტას იანლო–ვანსაც მისცემენ და ის პატარა ცოდვებს მიუტევებს. ანუ, ჩინელებს საიქიოშიც კი კორუფცია აქვთ… იანლო–ვანის საუფლოში ფულის „გადარიცხვა“ მხოლოდ ცეცხლის გზით შეიძლება, თუმცა, არ არის აუცილებელი, ნამდვილი და მიმოქცევაში მოქმედი კუპიურები დაიწვას. ამიტომაც იბეჭდება ჩინეთში სპეციალური ფული „განსაწმენდელის ბანკისთვის“. ჩინელები ამ ყველაფერს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან და „ფულის სულებისთვის გადარიცხვის“ რიტუალს მთელი სიზუსტით ატარებენ.
ავტორი