თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.
შსს-ს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე [თვალჭრელიძე] მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ.
„ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

































































