ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილ მუხლს, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
საუბარია რეპრესიულ მუხლზე (17316 მუხლი), რომლის დარღვევასაც ბოლო პერიოდში არაერთ მოქალაქეს ედავებიან.
წარდგინების ავტორი მოსამართლე მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული კონსტიტუციური ეჭვი, რომ ეს მუხლი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს.
მოსამართლემ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შსს-დან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მოქალაქე ირაკლი კ-ს მიმართ. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173(16)-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ.
ოქმი სასამართლოში შსს-ს იმ სამმართველომ შეიტანა, რომელსაც „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ დაარქვეს, ხოლო ოპონენტები „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ ეძახიან.
ოქმის თანახმად, ირაკლიმ სოციალური ქსელის facebook-ში განთავსებული ერთ-ერთი პოსტის ქვეშ, კომენტარებში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კახა კალაძეს, თბილისის მერს.
სასამართლო სხდომაზე ირაკლიმ განაცხადა, რომ ფინანსურად შეჭირვებულია და კომენტარის დაწერისას ნასვამი იყო.
“არ უნდა დამეწერა, მაგრამ ნასვამი ვიყავი… არსად ვმუშაობ, რადგან ვუვლი ავადმყოფ დედას, თავს ვირჩენ დედის პენსიით და მეგობრების დახმარებით…” შეკითხვაზე, კიდევ თუ წერთ კომენტარებს პოსტებზე, ირაკლი კეზევაძემ უპასუხა, “არა, აღარც ვეკარები საერთოდ“.
“ოცნების“ მიერ მიღებული სადავო კანონით ირაკლის ემუქრება დაჯარიმება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
მოსამართლე ციცინო კიკვაძემ მოქალაქის დასჯის ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, იმსჯელოს რამდენად კონსტიტუციურია ის მუხლი, რომლის დარღვევასაც შსს ირაკლის ედავება.
მოსამართლის საკონსტიტუციო დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის 166-ე მუხლი (წვრილმანი ხულიგნობა), რომლის მიზანიცაა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დაცვა – მუხლი კრძალავს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი ქმედებას.
ამასთან მოსამართლე ხაზს უსვამს, რომ 17316-ე მუხლი სხვა ლოგიკითაა აგებული და რომ ის პირდაპირ იცავს კონკრეტული კატეგორიის პირებს – საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მოსამსახურეს, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირს ან/და საჯარო მოსამსახურეებს, პასუხისმგებლობას კი უკავშირებს მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ან საქმიანობას.
“ამდენად, 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის უშუალო დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე, მაშინ როდესაც 17316-ე მუხლი, ამავე ტიპის ქცევის გარკვეულ შემთხვევებში, დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს დაზარალებული პირის სტატუსს და მისი სამსახურებრივი საქმიანობის კონტექსტს.
შესაბამისად, იკვეთება საკითხი, რამდენად არსებობს დამოუკიდებელი და საკმარისად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური საჭიროება საჯარო მოსამსახურის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შესაქმნელად მაშინ, როდესაც მსგავსი ქცევის გარკვეული ფორმები უკვე ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის რეგულირების სფეროში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დასაბუთებაში მითითებულია, რომ ამ საკითხის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლებას.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე დროს, აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი პირობების დაცვით.
ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, საჯარო და განსაკუთრებით პოლიტიკურ თანამდებობის პირებს აქვთ თმენის ბევრად მაღალი ვალდებულება, ვიდრე რიგით მოქალაქეებს, მათ მიმართ გამოხატული კრიტიკისადმი. ( საქმე Lingens v. Austria (1986) ან Handyside v. UK (1976). ეს ხაზს გაუსვამს იმას, რომ პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკის ფარგლები ბევრად ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ.
ეს ვალდებულება განსაკუთრებით აქტუალურია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათი საჯარო საქმიანობის და პოლიტიკური ფუნქციის შესრულების თაობაზე გამოხატული მოსაზრებების შეფასებისას“, – აღნიშნულია დასაბუთებაში.
მოსამართლე ასევე ხაზს უსვამს, რომ 17316-ე მუხლი უფრო ინტენსიურ სანქციას ითვალისწინებს, ვიდრე 166-ე.
მოსამართლის კონსტიტუციური ეჭვი მდგომარეობს შემდეგში:
- რამდენად არის ასეთი განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი აუცილებელი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად,
- რა დამატებით, დამოუკიდებელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება 17316-ე მუხლით შექმნილი სპეციალური რეჟიმი
- რატომ ვერ მიიღწევა აღნიშნული მიზანი უკვე არსებული ზოგადი სამართლებრივი მექანიზმებით, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით.
მოსამართლე წერს, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც მოქალაქეები საჯარო პირების მიმართ კრიტიკული მოსაზრების გამოხატვისაგან მხოლოდ შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით შეიკავებენ თავს.
“სწორედ ამ კონტექსტში იძენს მნიშვნელობას „მსუსხავი ეფექტის“ დოქტრინა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სანქციის შიშმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის თვითცენზურა და შეაფერხოს ისეთი გამოხატვის განხორციელებაც, რომლის შეზღუდვა კანონმდებელს საერთოდ არ ჰქონია მიზნად. ამდენად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შეფასებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტულ პირზე დაკისრებული სანქცია, არამედ ის შესაძლო ეფექტიც, რომელსაც ასეთი სანქციის არსებობა საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე ახდენს“, – წერია დასაბუთებაში.
ციცინო კიკვაძე არის 56 წლის მოსამართლე. ის საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ 2013 წლიდან მუშაობს. 2016 წლიდან უვადო მოსამართლეა. მან 2024 წელს ევროინტეგრაციის 4 წლით შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ რამდენიმე სხვა მოსამართლესთან ერთად ხელი მოაწერა ტექსტს, რომლითაც მოსამართლეები ამბობდნენ, რომ “გმობდნენ ძალადობას” და ემიჯნებოდნენ ნებისმიერ ნაბიჯს, “რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან”. ამასთან ციცინო კიკვაძე თანახმა იყო ევროკავშირის ევრორეკომენდაციის ფარგლებში პირადად გაევლო ე.წ. ვეტინგის მექანიზმი, რაც საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების შემოწმებას ისახავდა მიზნად. ამ ინიციატივას მკვეთრად დაუპირისპირდა ხელისუფლება და სასამართლოს ე.წ. კლანი ანუ ის ჯგუფი, ვისაც არასამთავრობო სექტორი არაფორმალური გავლენებში ადანაშაულებს სისტემის შიგნით. თავად ეს ჯგუფი უარყოფს რაიმე არაფორმალურ გავლენებს.
“სრულად ვიზიარებ ევრორეკომენდაციას და პირადად მეც მზად ვარ, გავიარო შემოწმება, მათ შორის, კეთილსინდისიერების ნაწილში“, – უთხრა ციცინო კიკვაძემ „ნეტგაზეთს“ 2024 წელს.































































