14 დეკემბერს, ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. აღნიშნული თარიღი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის.
„სწორედ ამ დღეს, 2023 წელს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაბიჯია ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე. სიმბოლურია ის ფაქტიც რომ ორგანიზაცია დაარსდა რეგიონში. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სწორედ, რომ რეგიონებიდან უნდა ისმოდეს მოქალაქეების ხმა, რომლებიც ურყევად დგანან ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ორგანიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაძლიერებასა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერას.“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ახალდაარსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ.
შეხვედრაზე ორი პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. დისკუსიის დროს იმსჯელეს უვიზო მიმოსვლის, ნეიტრალიტეტის და დეზინფორმაციული ნარატივების საკითხებზე.
ორგანიზაციის გახსნას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ (ევროკავშირის წარმომადგენლობა, ჰოლანდიის საელჩო და ნატოს სამეკავშირეო ოფისი).
































































