,,ყველა ჩათვლის, რომ აქციებმა განაპირობა“_ ექსპერტი სამთავრობო ცვლილებების არაეფექტურობაზე საუბრობს
პოლიტიკის ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსთან“ ისაუბრა. როგორც საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მმართველი ძალისთვის არამომგებიანი იქნება, თუ მთავრობის გუნდი შეიცვლება, რადგან, მისი თქმით, აღნიშნული ოპოზიციური პარტიების გააქტიურებასა და აქციების გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას გამოიწვევს.
,,იმ მოვლენების ფონზე, რაც ქვეყანაში განვითარდა, სამთავრობო ცვლილებები არ უნდა გახორციელდეს. თუ აქციებს მოჰყვება ასეთი სახის ცვლილებები ყველა ჩათვლის, რომ აღნიშნული ქმედება აქციებმა განაპირობა, რაც მომავალში მიტინგების სიხშირეს გაზრდის. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აქციებმა მთავრობა შეცვალა, მომავალში ყველა ოპოზიციური პარტია ეცდება, ხელისუფლების შესაცვლელად რაც შეიძლება მასშტაბური აქციები მოაწყოს. პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა, შესაძლოა, საკუთარი თავი უფრო ადრე ამოწურეს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებისთვის არ იქნება მომგებიანი. თუ უნდათ, რომ საპროტესტო აქცია არ იქცეს ყოველდღიურობად, სამთავრობო ცვლილებები არ უნდა განახორციელონ. რაღაც დრო რომ გავა და დავიწყებას მიეცემა საპროტესტო აქციები, მერე შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმა“,_ გვითხრა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტის გარკვეულმა წევრებმა თანამდებობა დატოვონ, რომელთა შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია.