“გურია ნიუსის“ რედაქციას ამ დღეებში არაერთი ადამიანი უკავშირდება. ისინი კითხულობენ იქნება თუ არა გაზის და შუქის გადასახადაზე შეღავათები.
“მოვიდნენ “სოკარიდან“ და გვითხრეს, თუ არ გადავიხდით გაზის თანხას, ჩაგვიჭრიან. ყველა ქვეყანა ცდილობს შეღავათები მოხდეს კომუნალურ გადასახადებზე და ჩვენი ქვეყანა რატომ არის გამონაკლისი?!“ – გვითხრა ოზურგეთში ერთ-ერთმა მომხარებელმა.
„სოკარი გაზი ახლა მომისმინეთ, ქვეყანა რომ იქცევა და მსოფლიო ზანზარებს, გსმენიათ? ვადაგადაცილების გამო, რომ მინიმუმ თვის ბოლომდე გაზი არ ჩაუჭრათ აბონენტებს და ზევიდან კიდე 5 ლარიანი ჯარიმა არ დააკისროთ, გაკოტრდებით?! მართლა არაფერი გვეშველებათ, დამიჯერეთ, სულ არაფერი!
მართალია, სახლი, სადაც გაზი გათიშეთ, ამ დროისთვის არ ვცხოვრობ. წარმოვიდგინოთ, ვცხოვრობ, მყავს ორი პატარა ბავშვი და ამ ყიამეთ ამინდში და ლამის საგანგებო სიტუაციაში, მიჭრით გაზს, ნორმალურია? ჩუქება კი არ მინდა, ან რატომ უნდა მაჩუქოს ვინმემ რამე, უბრალოდ, სიტუაციიდან გამომდინარე ვიძახი.
ისეთი ოჯახებიც ხომ არსებობს და არაერთი, ვისაც ამ ვითარებაში, ხელშეწყობა სჭირდება და არა პირიქით!“ _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.
„სოკარი ჯორჯია გაზის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სახელმწიფოს არ მიუღია არანაირი რეგულაცია, რომ გადავადდეს ან რამე შეღავათები მოხდეს კომუნალურ გადასახადებზე.
ამ ეტაპზე გადასახადის ცვლილებებს არ გეგმავს არც “ენერგო პრო ჯორჯია“.
ეკონომიკის მინისტრმა, მარინა თურნავამ 18 მარტს ბრიფინგზე განაცხადა:
„ძალიან კარგად გვესმის, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული. ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი თვით ხდება სესხების რესტრუქტურირება. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს, გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინაჩუნონ თავისი მუშა მოსამსახურეები და გადაიხადონ ხელფასი. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, მაგალითად, „თელასი“, „ენერგო -პრო“ თუ „თბილისის ენერჯი“, ესენი კერძო კომპანიები არიან და მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ, როგორც სხვა ბიზნესს, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი“, – განაცხადა თურნავამ.