საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტაში დილას დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. პრეზიდენტი დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლების დასაცავად ქმედითო ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უმძიმეს წუთებში. უკვე რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა. მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი. დღეს ისევ რჩება მთავარი კითხვა – შესაძლებელი იქნება თუ არა, მინდელის შახტაში უსაფრთხოდ მუშაობის გაგრძელება? ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება იყოს დაცული“,_აცხადებს მარგველაშვილი.