დიდ ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად ნერვული აგენტი გამოიყენეს. აღნიშნული განცხადება CBSNEWS -ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა გააკეთა.
„ეს აღმაშფოთებელი ფაქტია. სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სახიფათო ნივთიერების გამოყენება, განსაკუთრებით კი საჯარო თავშეყრის ადგილას, სადაც შესაძლოა, სხვებიც დაზარალდნენ, ყველანაირ გაგებას ცდება. როგორც ჩანს, ნივთიერება რუსეთიდან ჩაიტანეს, თუმცა, ჩემთვის უცნობია და არ ვიცი, რუსეთის ხელისუფლებამ იცის თუ არა“,_განაცხადა ტილერსონმა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცალკე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ღიად ცდილობს იყოს უპასუხისმგებლო ძალა მსოფლიოში.
„რუსეთი განაგრძობს იყოს არასტაბილური, უპასუხისმგებლო ძალა მსოფლიოში, ღიად ახდენს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის უგულებელყოფას“,_ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, 33 წლის იულია 4 მარტს მძიმედ მოწამლულები აღმოაჩინეს და მათი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დაამზადეს.
მომხდართან დაკავშირებით განმარტებების გასაკეთებლად, ტერეზა მეიმ რუსეთს ვადა სამშაბათამდე მისცა.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი განცხადება არ გაკეთდება, სკრიპალის მოწამვლა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსული სახელმწიფო ძალის უკანანო გამოყენებად მიიჩნევა.