„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ დღეს გაემგზავრა.
ნიკა მელიას, ვაშინგტონში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს.
„ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ. ვფიქრობ, ვაშინგტონში 10 – დღიანი საკმაოდ დატვირთული ვიზიტი უკვალოდ არ ჩაივლის, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას. კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება, რა თქმა უნდა, საუბარი.
მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს“, _ განაცხადა ნიკა მელია.
მისი თქმით, ქართველი ერი მოიპოვებს შესაძლებლობას, არჩევნები ჩაატაროს მომდევნო წლის გაზაფხულამდე
“ყველაფერს აქვს დასაწყისი და ასევე დასასრული, ეს დასასრული წელს ოქტომბერში ნამდვილად იქნება და ქართველი ერი მოიპოვებს შესაძლებლობას, არჩევნები ჩაატაროს მომდევნო წლის გაზაფხულზე, სადაც უკვე ეროვნულ დონეზე გადაირჩევა ხელისუფლება” – თქვა მელიამ.
ასევე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, პარტიას მსგავსი ვიზიტი ვაშინგტონში არ ჰქონია.
მელიას თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან. კონსულტაციების გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ.
საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება იქნება, ასევე 2021 წლის შემოდგომაზე რეფერენდუმად ქცეული თვითმმართველობის არჩევნები და ამ პროცესში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობა.
შეხვედრების დროს ასევე ისაუბრებენ მთავარი ოპოზიცური პარტიის სამომავლო გეგმებზე. ოპოზიციის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში დასავლეთის როლზეც.