სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სააღდგომო ეპისტოლეში წერს, ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შეტანა.
„გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები: „გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს, არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არც მსურს. ჩემს ასოებში (სხეულის ნაწილებში) მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!“ (მთ.8, 19-24)
ჩვენ რაღა გვეთქმის? თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა; ამასთან, უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.
რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებები, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს; სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთნი კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან.
ეშმაკის საცდურთაგან თავდახსნას კეთილნი და თავმდაბალნი შეძლებენ, – წერენ წმინდა მამები.
წმ. ანტონი დიდი კი ბრძანებს: ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს (წმ. იოანე ოქროპირი)“, – ამბობს პატრიარქი.
ამასთან, მისივე თქმით, საერთოდ, ცოდვა მომდინარეობს იქედან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია.
„ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა.
ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ „მეს“ უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს.
ეგოისტური „მე“ – სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა“, – წერს პატრიარქი.