დედამიწზე ბევრ ტბას აქვს გრძელი სახელწოდება. მაგრამ მათ შორის რეკორდსმენია ტბა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
ეს პატარა ტბა არაფრით გამოირჩევა მასაჩუსეტსის შტატის სხვა ტბებისაგან იმის გარდა, რომ აქვს უსაშველოდ გრძელი სახელწოდება, რომელიც ორმოცზე მეტი ბგერისაგან შედგება და ძალიან ძნელი წარმოსათქმელი და წასაკითხია: ჩარტოგგაგგმანჩუაგაგოგგჩაუბუნაგუნტამაუგგ
რა დაიმახსოვრებს ამ სახელს! ბევრი უნდა ივარჯიშოს კაცმა და, ღმერთმა იცის, ან დაისწავლის ან ვერა.
ასე უწოდებენ წყალსატევს ადგილობრივი მკვიდრნი – ინდიელები. ისინი იმახსოვრებენ კიდეც ამ სახელს, რადგანაც მათთვის იგი არაფრისმთქმელი ბგერების თავმოყრა კი არ არის, არამედ გამოხატავს სავსებით გარკვეულ აზრს. ინდიელთა ენაზე ტბის სახელწოდება ამას ნიშნავს:
„თქვენ თქვენს მხარეს ითევზავეთ, ჩვენ ჩვენს მხარეს ვითევზავებთ, ტბის შუაგულში არც ჩვენ ვთევზაობთ, არც თქვენ!“
ყველაფერი ცხადზე უცხადესია: ტბის სახელწოდება არის ინდიელთა მეზობელ ტომებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია – ვინ სად უნდა დაიჭიროს თევზი.
ინდიელებს ძალიანაც ხელს აძლევდათ ეს შეთანხმება. არც ტბის გრძელი სახელწოდების წარმოთქმა უჭირდათ მათ და თუ ევროპელი კოლონიზატორები ვერ წარმოთქვამდნენ, ამაზე სულაც არ ნაღვლობდნენ.