მორიელი – ტყუპი
ვექტორული კავშირების მიხედვით, რაც უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ზედაპირული, ცვალებადი ტყუპი ერთი შეხედვით ძლევამოსილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე მორიელის ბატონია, მორიელი კი, თავის მხრივ, მონა.
რეალურად, სწორედ ამ თავისი ჰაეროვნებით “იმონებს” და წონასწორობას აკარგვინებს ტყუპი მორიელს და ამაშია მათი ურთიერთობის უმთავრესი პრობლემა. მორიელი ბუნებით ღრმა, ემოციური და ექსპანსიური ნატურაა, მაშინ, როცა ტყუპი გამუდმებით იცვლის აზრებს, შეხედულებებს, გრძნობებს.
ამ ორს შორის პრობლემა მუდმივად იქნება სწორედ ეს ემოციური დისბალანსი და აბსოლუტური პოლარულობა. მორიელი ვერასოდეს შეძლებს, პარტნიორი ტყუპი ბოლომდე დაისაკუთროს და მართოს, როგორც ეს მას ახასიათებს ზოგადად, პარტნიორულ ურთიერთობაში.
ტყუპს კი, თავის მხრივ, ხშირად გააღიზიანებს მორიელის ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნება, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხომ თავისუფლება ყველაზე ძვირად უღირთ ამქვეყნად. ერთადერთ ნათელ წერტილად ამ ორს შორის შეიძლება ინტელექტუალურ-მენტალური კავშირის ალბათობა იქცეს. მორიელი ხშირად გამოირჩევა ერუდიციის მაღალი დონით, რაც ტყუპის ცნობისმოყვარე ბუნებას აიძულებს, ხანგრძლივი დროით შეაჩეროს არჩევანი სწორედ ამ პარტნიორზე.