ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, იზრდება ბავშვთა დაწესებულებებში ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი, სკოლებსა და ბაღებში, ასევე სხვადასხვა წრეებში, ბავშვები ერთმანეთთან ახლო კონტაქტში არიან.
რა არის ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ბავშვთა დაწესებულებებში გვხვდება და როგორ ავირიდოთ თავიდან,_ საკითხზე “გურია ნიუსი” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგ ელზა სიმონიშვილს ესაუბრა.
რესპირატორული ინფექციები, კუჭ-ნაწლავის ინფექციები, კანისა და თვალის დაავადებები,_ ეს არის ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რომლებიც ეპიდემილოგის თქმით სკოლებსა და ბაღებში შეიძლება შეგვხვდეს და თითოეულ მათგანს განმარტავს:
„რესპირატორული ინფექციები: გრიპი და გაციება: ეს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები ადვილად ვრცელდება ხველის, ცემინების და დაინფიცირებულ ზედაპირებზე შეხების შედეგად. კორონავირუსული ინფექცია (COVID-19): მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დასრულდა, გვაქვს დაავადების სპორადული შემთხვევები. მართალია, ბავშვებში დაავადება ხშირად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თუმცა ვირუსი ადვილად ვრცელდება და შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ჩუტყვავილა : მაღალინფექციური დაავადება, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით ან უშუალო კონტაქტით გამონაყართან და გამონაყარის სითხესთან.
კუჭ–ნაწლავის ინფექციები: ნოროვირუსი და როტავირუსი: იწვევენ ღებინებას და დიარეას. ადვილად ვრცელდება დაბინძურებული ხელებითა და ზედაპირებით. ნაწლავური ინფექციები: შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით.
კანისა და თვალის დაავადებები: კონტაქტური დერმატიტი: შესაძლოა გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციით ან გაღიზიანებით. თვალის კონიუნქტივიტი: ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია, რომელიც იწვევს თვალის სიწითლეს და ანთებას. ადვილად გადადის ერთი ბავშვიდან მეორეზე. სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები: შეიძლება გამოიწვიოს კანის ინფექციები და სერიოზული გართულებები. პარაზიტული დაავადებები: პედიკულოზი(დატილიანება), სკაბიესი(მუნი, ბღერი), მოლუსკები, რომლებიც ასევე მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და ჰელმინთებით ანუ პარაზიტული ჭიებით ინვაზირება“,_ ამბობს ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი.
როგორც ეპიდემიოლოგი გვეუბნება, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბავშვთა დასწესებულებებში ინფექციური დაავადებების გავრცელება, საჭიროა დაცული იქნას და მუდმივად გაკონტროლდეს ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის მიერ შემდეგი რეკომენდაციები, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და ვურჩიოთ:
ხელების ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. თუ დროებით საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება.
რესპირატორული ჰიგიენა: ხველებისა და ცემინების დროს აიფარეთ პირი და ცხვირი იდაყვით ან ერთჯერადი ხელსახოცით. გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები.
სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება: ხშირად გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ხშირად გამოყენებად ზედაპირებს, როგორიცაა მერხები, კარების სახელურები და სხვა.
ოთახების განიავება: ხშირად გაანიავეთ საკლასო ოთახები, რათა შემცირდეს ჰაერში არსებული ვირუსების კონცენტრაცია.
ავადმყოფობის დროს სახლში დარჩენა: თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს, აქვთ სიცხე, ხველა ან სხვა ინფექციური დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დატოვეთ სახლში და თავი აარიდეთ სკოლაში ან ხალხმრავალ ადგილებში სიარულს. ეს ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების შეზღუდვას.
ვაქცინაცია: ბავშვს ჩატარებული უნდა ჰქონდეს აქვს ასაკისთვის საჭირო ყველა რუტინული ვაქცინა, აღნიშნული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს პირად საქმეში, მშობლებს ჩაუტარდეს საუბრები, რომ ვაქცინაცია დაავადებებისგან თავის დაცვის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.
„ამ მარტივი წესების დაცვა დაეხმარება მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და უსაფრთხოდ გაიარონ სასწავლო წელი, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს-მართოს ეპიდსიტუაცია მუნიციპალიტეტში და თავიდან აიცილოს ინფექციური დაავადებების აღმოცენება და მასიური გავრცელება“,_ აცხადებს ელზა სიმონიშვილი ჩვენთან საუბრისას.





























































