ქვეყანაში მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ ვაპირებთ, ეს არის ჩვენი პოზიცია, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მართოს ეპიდემია და ამავდროულად ნაკლებად დაზარალდეს ეკონომიკა და ბიზნესი. „პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ ეკონომიკა და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ. წერტილოვანი შეზღუდვები იქნება და თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, საჭიროა ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინება.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ზამთრის კურორტი, ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი არის დიდი მობილობის გენერატორი, აქედან გამომდინარე, ზამთრის კურორტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კითხვა დღის წესრიგში დგას.
„საქართველო იყო და დარჩება მზარდ და მიმზიდველ ტურისტულ წერტილად და ქვეყნად. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მთლიანად გლობალური ტურიზმის ინდუსტრია პოზიტიურად არის განწყობილი. საქართველო არის ულამაზესი ბუნების ქვეყანა, საინტერესო ტრადიციების, საინტერესო ფოლკლორის, ძეგლების და ასე შემდეგ, სადაც ნებისმიერი ტურისტი, ნებისმიერ დროს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობს თავს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.