პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას 1 კვირა, ხოლო რამდენიმე სოფლის გზის აღდგენას სულ მცირე, ერთი თვე დასჭირდება. სტიქიის შედეგების აღმოფხვრა კი 50 მილიონ ლარამდე დაჯდება.
„ვესაუბრეთ „ენერგო-პროს“ და ისინი გვპირდებიან, რომ შეიძლება, ერთ კვირაში ელექტრომომარაგება აღდგეს. ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება ადგილზე. სოფლებთან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ადამიანებს, რომლებსაც სოფლებიდან გამოყვანის სურვილი ექნებათ, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა საჭირო პროდუქტით. ოთხი ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით დაახლოებით, 30 მილიონ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მილიონ ლარამდე. ამ ადამიანებს იმის გამო, რომ ელექტროენერგია არ აქვთ, სამყაროსთან კავშირი შეზღუდული აქვთ, ეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანია. ღები, პატარა ღები, გლოლი და შოვი – ეს ის სოფლებია, სადაც სამწუხაროდ, დაახლოებით, ერთი თვე მოგვიწევს მუშაობა. თუმცა, გვპირდებიან, რომ კარგი ამინდის პირობებში, ელექტროენერგიას აღვადგენთ ერთ კვირაში, ათ დღეში. მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გახარიამ.