ხმაურით მიმდინარეობდა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საერთო კრება. ტერიტორიული ერთეულის ცენტრში, შენგელიების უბანში შეკრებილი ახალსოფლის მოსახლეობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, ვალერიანე ფოცხვერიას იმ პრობლრმებზე ესაუბრებოდა, რაც ახალსოფლელებს პრიორიტეტად მიაჩნიათ. კერძოდ, ეგრეთ წოდებულ რიონის გაღმა სახნავ-სათესი ფართობის მიმდებარედ წყალსაწრეტი არხის მოწყობა. დარჩენილი თანხით მოსახლეობას სურს, ბორანის მიმდებარედ, სოფლის მინი სტადიონის ახლოს, სკვერი მოეწყოს.
ახალსოფლის თემში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი, რეზო ივანიაძე ,,გურია ნიუსთან” თანხის განაწილების საკითხს აკონკრეტებს:
_ სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ახალსოფელზე 16 000 ლარია გამოყოფილი. აქედან 6 000 ლარი არხის მოწყობას დასჭირდება, დანარჩენი თანხით- სკვერი. რაც შეეხება, მოსახლეობის საკარმიდამოებში წყალსაწრეტი არხის გაჭრას, რაც არანაკლებ თავსატკივარს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის, მერთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება, მუნიციპალური ხარჯებით და მოსახლეობის ფიზიკური ჩართულობით გადავჭრათ.
პრიორიტეტების შერჩევისას ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნაწილი არხების მოწყობას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი ბორანის მშენებლობას.
,,რა ჯანდაბად გვინდა საწრეტი არხი, თუ გაღმიდან მოსავალი ვერ გამოვიტანეთ. სოფელი გაღმა საყანე ფართობში მოწეული მოსავლით იკვებება. მდინარე რიონმა ბორანი წაგვართვა და ჩემი მეზობლებიდან ზოგმა დახვნა-დათესვა ვერ შეძლო, ზოგმა მოწეული მოსავლის გამოტანა,”_ გაცხარებული საუბრობდა ახალსოფლელი ზინა ბუცხრიკიძე.
მას ემოციურად გამოეპასუხა თანასოფლელი კახა წულაია:
,,თქვენ რა გენაღვლებათ, ეზოებში წყალი არ გიდგებათ. რა მეპარონება, როცა პატარა გაწვიმებისა რამდენიმე ოჯახი წყალს მივყავართ”.
მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობა დაამშვიდა და ბორანის მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაპირდა.