ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე 2 ახალი ზოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კომპანია „ბლექსი გრუპთან“ და „აკორდთან“ გააფორმა, რომლებიც ადგილზე ამჟამად სამობილიზაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
„ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს. ამჟამად კონტრაქტორი სამობილიზაციო სამუშაოებს ახორციელებს. მობილიზაცია ნიშნავს, როგორც ბაზის მოწყობას, ასევე ობიექტზე ტექნიკის მობილიზებას. აღნიშნული გზა ოთხ ლოტად არის დაყოფილი. როგორც თქვენთვის ცნობილია, ტენდერში სამი ლოტის მშენებლობას კომპანია „ბლექსი გრუპი“, ხოლო ერთი ლოტისას კომპანია „აკორდი“ ახორციელებს.
პროექტის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, ყველა ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალისთვის არის აუცილებელი, გათვალისწინებული იქნება. საუბარია, როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა გასასვლელებზე, გვერდულებზე და ასე შემდეგ“,_ აღნიშნეს „გურია ნიუსთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს დასრულდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.