შაბათს, დღის მეორე ნახევარში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ზოტში რაულ კონცელიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ის, რაც მოხდა ზოტში, არის სოფლისთვის დიდი ტრაგედია, რადგან ერთ შენობაში რამდენიმე დაწესებულება იყო განთავსებული.
“დღისით, მზისით დაიწვა ადმინისტრაციული შენობა. არაფერი არ გადარჩენილა. დაიწვა ამბულატორია, ასევე, 600-იანი სარიტუალო დარბაზის აღჭურვილობა.
თუმცა, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მომავალ წელს საუკეთესო შენობა აშენდეს ზოტში“, _ გვითხრა რაულ კონცელიძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა “გურია ნიუსთან“ საუბრის ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, ადმინისტრაციული შენობის აღდგენა ან აშენება მალე მოხდეს:
“ვნახოთ, როგორ იქნება, დაველოდებით ექსპერტიზის შედეგებს, რის შემდეგ გაირკვევა შენობის აღდგენა მოხდება თუ ახალი ობიექტის მშენებლობა. მე არანაირი ვერსია არა მაქვს, როგორ გაჩნდა ხანძარი. ვიცი ის, რომ ცეცხლი გვიან შეამჩნიეს, შესაბამისად შეტყობინება 112-სში დაგვიანებით შევიდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადამ მოახერხა ცეცხლის გავრცელების აღკვეთა. იმ დღესვე ავიდა სპეციალური ექსპერტების ჯგუფი და მიმდინარეობს მოკვლევა.
აუცილებლად აღდგება შენობა. ზოტში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა იწყება და ამ საქმეს ზოტის ჰიდრო კომპანია შეასრულებს. სწორედ იგი დაგვეხმარება შენობის განახლებაში. ისინი ისედაც აპირებდნენ ზოტში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას“, გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამბულატორიისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფა სკოლაში.