ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში “სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება უკვე ცნობილია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებაში ედავებოდნენ.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ კონსტანტინე შარაშენიძემ კანონი დაარღვია.
“სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა ლელა ხათრიძემ ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა.
„ახალი ცვლილებებით, რომელიც საარჩევნო კოდექსში შევიდა, იკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ-ების) თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ–პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რის გამოც უკვე შევიტანეთ საჩივარი ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კერძოდ, მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის (კონსტანტინე შარაშენიძე, ასევე, ოზურგეთის მერობის კანდიდატია) თანამშრომლები ამავე პირის წინასაარჩევნო შეხვედრას ორგანიზებულად ესწრებოდნენ (ვრცლად გურიაში წინასაარჩევნოდ დარღვევებზე “გურია ნიუსი“ ვრცელ სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. გ.გ.), _ თქვა ლელა ხათრიძემ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იყო:
“ამ შემთხვევაში დარღვევას აფიქსირებს ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საოლქო კომისია, ხოლო შემდეგში გადაწყვეტილებას ღებულობს სასამართლო, თუ რამდენად საფუძვლიანია კომისიის მიერ შედგენილი ოქმი და არსებობს თუ არა სამართალდარღვევა.
კომისიამ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა და საქმე გადაგზავნილია სასამართლოში
ჩვენ არ ვეთანხმებით საოლქო კომისიის პოზიციას _ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უსაფუძვლოა და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო უარს ეტყვის კომისიას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე“, _ აღნიშნა კახა ჩავლეშვილმა.
[sexy_author_bio]