ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობაში მთავრობა 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას გეგმავს და ამისთვის 12 მილიონის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან, რომელიც 1 აგვისტოს გამოიცა.
პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს იბოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. ჰაბის გახსნისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვისთვის კი 2024 წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონი, 2025 წლის ბიუჯეტიდან კი 9 მილიონი გამოეყოფა.
საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში 2012 წლის პირველ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ გადავიდა. საკანონმდელო ორგანომ იქ მხოლოდ 6 წელი იმუშავა. 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტმა ქუთაისში ბოლო სესია გამართა და 2019 წლიდან საქმიანობას თბილისში განაგრძობს. მმართველი გუნდის განმარტებით ქუთაისში მუშაობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანას პროტესტი მოჰყვა ოპოზიციასა და ქუთაისის მცხოვრებლებში. მათი თქმით, ამით ქალაქს და რეგიონს განვითარების საშუალება წაერთვა.
პარლამენტის ყოფილი შენობა 2010–2012 წლებში აშენდა. პროექტი ეკუთვნის ესპანურ საპროექტო ბიუროს CMD Ingenieros (არქიტექტორები: ალბერტო დომინგო და კარლოს ლაზარო).