დეპუტატმა გუგული მაღრაძემ საზოგადოებას თავი არა ერთი საკანონმდებლო ინიციატივით დაამახსოვრა, მათ შორის, მაღრაძე ინიციატორია ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების. აგრეთვე, გუგული მაღრაძეს ეკუთვნის ინიციატივა ჭარბწონიანთა რეგულაციის შესახებ.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, რომელიც ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ გატარებული უკმაცრესი რეგულაციების ავტორია, თვლის, რომ მარიხუანა სოფლის მეურნეობის კულტურაა, რომლის მოყვანა ფერმერს სიმინდთან, ლობიოსთან და ჟოლოსთან ერთად არ გაუჭირდება.
რა განათლება აქვს მიღებული საქართველოს პარლამენტის წევრს:
გუგული მაღრაძე დაიბადა 1945 წლის 9 აპრილს.
მაღრაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწავლობდა ფილოსოფია-ფსიქოლოგიის, დასავლეთ ევროპის ენების, ლიტერატურისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
გუგული მაღრაძე იყო მე-8 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრიც. მე-6 მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იყო საარჩევნო ბლოკით „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები”, ხოლო მე -8 მოწვევის პარლამენტში _ ,,ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.
გუგული მაღრაძეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება აქვს მინიჭებული.
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი.
მაღრაძე (1981 – 2002 წწ-ში) გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ასევე, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2017 წელს გუგული მაღრაძის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით:
2016 წელს 7 500 დოლარად შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა Volkswagen Passat.
2011 წელს 5 000 დოლარად ქობულეთში შეძენილი აქვს ავტოფარეხი, ამავე წელს ქობულეთში შეიძინა ბინა, რომლის ღირებულება 35 000 დოლარია.
მაღრაძეს 2002 წელს ზესტაფონში 2 000 ლარად შეძენილი აქვს ბინა. ასევე, მის საკუთრებაშია 1997 წელს სოფელ ლისტში ნაჩუქარი 540 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1966 წელს თბილისში 4 000 რუბლად შეძენილი ბინა.
რაც შეეხება გუგული მაღრაძის საბანკო ანგარიშებს:
მაღრაძეს “თიბისი ბანკში” _ განთავსებული აქვს 7 501 ლარი; “ლიბერთი ბანკში” მიმდინარე ანგარში – 82,08 ლარი; “თიბისი ბანკის” სახელფასო ანგარიში – 2611,83 ლარი; ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიში – 1469,5 ევრო;
ასევე, “თიბისი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე აქვს – 736,84 დოლარი და 790,32 ლარი. “ქართუ ბანკი“ სახელფასო ანგარიშზე – 9 401,25 ლარი და 9,21 ევრო.
2017 წელს გუგული მაღრაძის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს 2016 წელს საქართველოს პარლამენტში ხელფასის სახით აღებული აქვს 56 102,95 ლარი, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე _ 17 418,5 ლარი.