ცაგერში მომხდარ მკვლელობაზე საქმე 108-ე მუხლით აღიძრა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ცაგერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილმა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პრესსამსახურში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, რომლის თქმით, მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გარდაცვლილია ორი ადამიანი.
reginfo.ge-ს მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები ლაჯანაში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. მათ შორის ჩხუბი ურთიერთსროლაში გადაიზარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.