ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მიმართა და საკუთარი პერსონისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდა მოითხოვა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წულაძე განაწყენდა, რომ იგი „ქართული ოცნების“ გამსვლელი სიის მიღმა დარჩა და ამიტომაც ულტიმატუმად ადგილობრივ ხელისუფლებას ხელფასის გაზრდა წაუყენა.
„გურია ნიუსთან“ საუბარში დავით წულაძე ადასტურებს, რომ მან მართლაც მიმართა საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა, ამბობს, რომ ეს არანაირ კავშირში არაა საარჩევნო სიასთან.
„მე საკრებულოს მოვთხოვე, რომ ჩემთვის გამგეობის სამსახურების ტოლფასი ანაზღაურება დაენიშნათ, შაბათ-კვირასაც კი სრული დატვირთით ვმუშაობ. ბათუმსა და სხვა რეგიონებში ჩემს კოლეგებს 1550 ლარი აქვთ ანაზღაურება და ამიტომ მოვითხოვე ხელფასის გაზრდა, აქ არაფერ შუაშია არაა საარჩევნო სია.
კი, ბატონო, სიაში მეთერთმეტე ვარ?! 22 წელი საკრებულოს წევრი ვიყავი და ვერავინ ვერ გაბედავს სიის მიღმა დამტოვოს. თუმცა, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ ჩემს ინტერესებში არ შედის საკრებულო, სადაც არ უნდა ვიყო მე ყოველთვის ლობირებას გავუწევ ბაღებს და აქ დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. ეს სისტემა გავმართე და ფეხზე დავაყენე. მე ყოველთვის ჩემი პრინციპების ერთგული ვრჩები და არა ისე, ზოგიერთებივით ერთი პარტიიდან მეორეს ვეტმასნები“, _ ამბობს წულაძე.
როგორც დავით წულაძე ამბობს, დანარჩენი თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა იმიტომ ვერ მოითხოვა, რომ ახლა ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა არაა
„როცა ახალი საბიუჯეტო წელი იწყება, მაშინ დგება სტრუქტურა. ჩვენ მაშინ ვითხოვდით თითოეული თანამშრომლისთვის ანაზღაურების 50 ლარით გაზრდას, თუმცა, უარი მივიღეთ. ამ ეტაპზე ბიუჯეტში არაა შესაძლებლობა თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდოს, რეალური მხოლოდ ის მოთხოვნაა, რომელიც დავაყენე საკრებულოში. თუმცა, იანვრიდან, კანონის შესაბამისად, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო ბოლო სხდომაზე, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ხელფასების გაზრდა და ყველა რეგიონში გათანაბრება“, _ ამბობს წულაძე.
ცნობისთვის, გამგეობის სამსახურის უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება 1350 ლარია, ხოლო სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის უფროსს თვეში 1000 ლარი ერიცხება ხელფასის სახით.