დაახლოებით თვენახევარია, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ლამარიასთან სატრაპეზოს აშენებს – ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ გამოცემა „ჩაიხანა“ ავრცელებს.
უშგულის ლამარია – ჟიბიანის ღვთისმშობლის ეკლესია – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟიბიანში. თარიღდება IX-X საუკუნეები.
„მაგ ზონაში ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების გარეშე. ასევე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან მშენებლობის პროექტი და თანხმობა უნდა არსებობდეს”, – ამბობს „ჩაიხანასთან“ საუბრის დროს ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველოს პრეზიდენტი. ICOMOS საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა, როგორც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტი.
„როგოც მოგეხსენებათ, „ლამარიას“ მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ეს კარგად გაცნობიერებული გვაქვს ადგილობრივ ეპარქიასაც.
ადგილზე, სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს იდგა უსახური ტიპის შენობა, სამი მხრიდან თუნუქის დაჟანგებული ფირფიტებით შემოსილი, ასევე, წინა მხარეც ადგილმდებარეობისათვის შეუფერებელი იყო.“ – ამ განცხადებას მესტიისაა და ზემო სვანეთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე ავრცელებენ, როდესაც „ჩაიხანა“ დაინტერესდა ამ საკითხით.
განცხადებაში ასევე წერია, რომ მიუხედავად შენობის ამ მიუღებელი მდგომარეობისა, ეპარქიის მმართველმა – მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომ არ მომხდარიყო ძეგლზე ახალი ჩარევა გადაწყვიტა, რომ ამავე შენობის ფართში აღედგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები დაამკვიდრა საცხოვრებლად.
„რამდენიმე უმძიმესი ზამთრის გადატანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მონაზვნების ცხოვრების გაგრძელება არსებულ შენობაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა, იმავე ფართზე აშენებულიყო ახალი შენობა, რომელიც „ლამარიაზე“ მონასტრული ცხოვრების გაგრძელებას შესაძლებელს გახდიდა და მონაზვნების ჯანმრთელობაც დაცული იქნებოდა.
ეპარქიის და მისი წინამძღოლის მთავარი ინტერესი იყო, რომ ახალ შენობაში გათვალისწინებული ყოფილიყო „ლამარიის“ მთავარი თვისება – არქიტექტურისა და ლანდშაფტის ორგანული შერწყმა და კავშირი, ამისთვის შენობის სიმაღლემ, წინა ნაგებობისგან განსხვავებით საგრძნობლად დაიწია და ალბათ, ყველა დავეთანხმებით ამ პირობას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი „ლამარიაზე“ სიმაღლის ფაქტორის დაცვაა, რომ არანაირმა ნაგებობამ არ დაარღვიოს ბუნებისა და ადამიანის შექმნილი ულამაზესი პროპორციები.
პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით, ფიქალი ქვით.
ასევე, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მიერ დაჩქარებულ მოვლენებს, რადგან უშგულში ბუნება სამშენებლო პერიოდად მხოლოდ სამ თვეს თუ გაცლის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ იურიდიული მიმართულება ცოტა ჩამოგვრჩა და ამ კვირაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება საპროექტო წინადადება, ასევე მას განიხილავს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოც.“ – წერია ეპარქიის განცხადებაში.
ვრცლად აღნიშნულ ლინკზე.


































































