საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგა სტარტს 4 აპრილს იღებს და ბუნებრივია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ლანჩხუთის “გურიას” წინასასეზონო სამზადისის შესახებ ინფორმაციის მიღების ინტერესი გაჩნდა. კერძოდ, საკრებულოს დეპუტატმა “ლელოს საქართველოსთვის”, გოჩა ჯანაშიამ მოითხოვა გაკეთდეს ინფორმაცია, თუ როგორ ხვდება ახალ სეზონს საფეხბურთო კლუბი “გურია”.
“უკვე კარს მოგვადგა ახალი სეზონი და ჯერაც არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა ხდება გუნდში. წესით, თუ გვინდა, რომ “გურია” ჩამოყალიბდეს იმ კლუბად, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით და მიდგომებით იმართებოდეს, უკვე დროა, ხელმძღვანელებმა ან ბრიფინგი, ან პრეზენტაცია გამართონ, რათა საზოგადოებას გააცნონ ყველა ის სიახლე, რომელიც კლუბში ხდება. ჯერაც არ ვიცით, ვინ წარმოადგენს სტაფს, ვინ არიან ახალწვეული ფეხბურთელები და რა მიზნები ექნებათ ახალ სეზონში. ისიც ვიცით, რომ კლუბი სამომავლოდ სააქციო საზოგადოებად უნდა ჩამოყალიბდეს და საამისოდ რა კეთდება ამ ეტაპზე, გაურკვეველია. ისე არ მოხდეს, რომ რაღაც პრობლემები შეიქმნას და მერე ხელი მუნიციპალიტეტისკენ გამოიშვიროს ვინმემ, აქაოდა გარკვეული ვალდებულებები არ შეგვისრულესო”, _ თქვა გოჩა ჯანაშიამ.
მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა პასუხად განაცხადა, რომ თავადაც უკმაყოფილოა იმ სიტუაციით, რაც კლუბში ხდება და უახლოეს დღეებში კითხვის ნიშნებზე საბოლოო პასუხების გაცემა დააანონსა:
“გეთანხმებით, უახლოეს დღეებში ვაპირებთ კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრას და მერწმუნეთ, რომ თუ ამ კუთხით უნდა გაგრძელდეს კლუბში მათი საქმიანობა, ჩვენ გავწყვეტთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს, მიუღებელია მარტო მუნიციპალიტეტმა გაიღოს თანხები ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად და მეორე მხარემ _ არაფერი. მას შემდეგ, რაც კლუბი შპს-დ გადაიქცა, ხელმძღვანელობა ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წარდგეს იმ ორწლიანი მუშაობის ანგარიშით _ თუ სად, როგორ დახარჯეს ფინანსები.
კლუბის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით მოვიკითხეთ სხვა მუნიციპალიტეტის პრაქტიკა და გარკვეული ინფორმაციასაც ვფლობთ ამასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, მალე მოევლება ამ ყველაფერს და საკითხი დადებითად გადაწყდება”, _ განმარტავს ალექსანდრე სარიშვილი.