სარფის სასაზღვრო პუნქტზე ისევ პრობლემებია _ მეოთხე დღეა მოძრაობა შეფერხებულია. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყანაში შემოსვლას ვერ ახერხებს _ ისინი სამ დღეზე მეტია, თუქრეთის მხარეს სპეციალურ ოთახებში იმყოფებიან და როგორც ამბობენ საჭმელიც არ აქვთ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით შექმნილი სიტუაცია გამოიწვია თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე _ „სარფი” საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემის გათიშვამ.
როგორც შემოსავლების სამსახურში “გურია ნიუსთან” საუბრისას განმარტავენ, თურქეთის მხარე ელექტორნული სისტემის გათიშვის გამო ვერ ახერხებს პირების იდენტიფიცირებას, რის გამოც მათ საზღვარზე არ უშვებენ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციის დროულად დარეგულირების საქმეში შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართულია აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.
“ისინი აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ერთის მხრივ საქართველოს მოქალაქეებთან, მეორე მხრივ თურქეთის საკონსულოსა და საბაჟოს ხელმძღვანელობასთან.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, სასმელი წყლითა და აუცილებელი პირობებით”, _ აღნიშნავენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
ამ დროისთვის ვერც აჭარის მთავრობა და ვერც შემოსავლების სამსახური ვერ აკონკრეტებს როდის მოგვარდება პრობლემა და როდის დაბრუნდებიან თირქეთის საბაჟოზე მყოფი ქართველები ქვეყანაში:
“ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი” შეძლებს მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებას, _ აღნიშნავენ აჭარის მთავრობაში.