საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის ოჯახის საკუთრებაში 2 ბინა, საცხოვრებელი სახლი, 3 მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი და ავტომობილია. აღნიშნულის შესახებ მაღლაფერიძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც მან 2017 წლის 4 მარტს შეავსო.
კერძოდ, დეკლარაციის თანახმად, ვასილ მაღლაფერიძის 100,00%-იან საკუთრებაშია 2007 წელს, 40000,00 დოლარად ნაყიდი 45,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა გუდაურში.
ასევე, მაღლაფერიძე ფლობს საგარეჯოში, სოფელ გომბორში მდებარე 2000,00 კვ.მ ის მიწის ნაკვეთის 50,00% -იან წილს (თანამესაკუთრე ნინო მაღლაფერიძე) 1972 წლიდან, რომელიც მას მემკვიდრეობით მიუღია.
მაღლაფერიძეს ეკუთვნის 2008 წლიდან 2000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გომბორში, რომელიც 7000,00 ლარად უყიდია და ამავე წელს, 8000,00 ლარად შეძენილი 190,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი.
ასევე, ვასილ მაღლაფერიძის საკუთრებაშია 2013 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4, რომელიც მას 2015 წელს 13000,00 დოლარად შეუძენია.
ხოლო ვასილ მაღლაფერიძის მეუღლის, ლალი ჩხვიმიანის 100,00% საკუთრებაშია საგარეჯოში, სოფელ გომბორში მდებარე 1400,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2009 წელს 5000,00 ლარად აქვს შეძენილი.
გარდა ამისა, ლალი ჩხვიმიანს ეკუთვნის 2015 წელს, 125 000 დოლარად ნაყიდი 164,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე. ასევე, ლალი ჩხვიმიანი ფლობს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე 600,00 კვ.მ-ის კომერციული ფართის 33,30% -იან წილს (თანამესაკუთრეები მერი მაღლაფერიძე თამარ მაღლაფერიძე), რომელიც 2009 წელს 300000,00 ლარად აუშენებიათ.
რაც შეეხება მაღლაფერიძის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ვასილ მაღლაფერიძემ შპს – GDS TV-ის მთავარი პროდიუსერის თანამდებობიდან გასულ წელს 93167,38 ლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო ლალი ჩხვიმიანმა შპს “სინათლის სახლი ორიონის” მენეჯერის თანამდებობიდან – 7200,00ლარი. თუმცა, ამავე შპს-დან ჩხვიმიანს 12326,00 ლარი სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისთვის აქვს მიღებული. შპს “სინათლის სახლი ორიონის” 100%-იან წილს ლალი ჩხვიმიანი ფლობს, საწარმოს კაპიტალის ოდენობა 1236240,00 ლარია.
გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ლალი ჩხვიმიანს, გასულ წელს, იჯარიდან 24000,00 ლარის შემოსავალიც მიუღია.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ჩხვიმიანის “თი–ბი–სი ბანკის” ანაბარზე 55000,00 ევრო იყო. ნაღდი ფულის სახით კი, დეკლარაციის შევსებისას, ჩხვიმიანსა და მაღლაფერიძეს 25000,00-25000,00 ლარი ჰქონდათ.