ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ისევ პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა.
არსებული ვითარების შესახებ “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს ესაუბრა.
“ორი დღეა ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა აკაციების ტერიტორია და სამაშველო სამსახურთან ერთად განვახორციელეთ წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. იანეულში მეწყერი ჩამოწვა გზაზე, სადაც მყისიერად მოხდა მძიმე ტექნიკის აყვანა და ახლაც გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ზემო ხეთშიც და იქაც წუთი-წუთზე ავა ტექნიკა და დავიწყებთ გზის გაწმენდით სამუშაოებს. რაც მთავარია, სტიქიას არცერთი ოჯახისთვის საფრთხე არ შეუქმნია. უბრალოდ, უხვი ნალექის შედეგად დაიტბირა საყანე და საბოსტნე ტერიტორია სხვადასხვა სოფლებში”,_ ამბობს ჩვენთან სატელეგონო საუბრისას დავით შარაშიძე.
როგორც უკვე ვწერდით, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბუკნარშიც.
რაც შეეხება იქ შექმნილ მდგომარეობას, ჩვენი კითხვის საპასუხოდ, მერი ამბობს, რომ წყლის დონე არის აწეული და მოდის გზებზე, ისევე როგორც დაბაში, ან რომელიმე სხვა სოფელში.
“რაც შეეხება ბუკნარში არსებულ ვითარებას, მანდ არანაირი პრობლემა არ არის. უხვი ნალექის შედეგად არის წყლის დონე აწეული და მოდის გზებზეც წყალი. არა მხოლოდ ბუკნარში, დაბაშიც იგივე სიტუაციაა, ქალაქის ცენტრშიც, ეზოებში ისეთივე მდგომარეობაა, რაც არის სოფლებში”,_ ამბობს შარაშიძე.
ავტორი