კულტურისა და სპორტის მინისტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში იმყოფებოდა, სადაც ალგეთის ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნო. მინისტრი შეხვდა მონუმენტის ავტორებს, მოქანდაკე გია ჯაფარიძესა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას და მათგან მოისმინა პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. კულტურის მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანი და მუნიციპალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მხარეებმა ისაუბრეს ალგეთის ბაზილიკის პრობლემების გადაჭრის გზებზე, განსაკუთრებით კი მისი ერთი ნაწილის მდგრადობის შესახებ. გადაწყდა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყება ძეგლის გამაგრებისათვის საჭირო სამუშაოები.
ამ ეტაპზე მონუმენტს სჭირდება ხარაჩოების მოწყობა, მისასვლელი გზის გაწმენდა და კვარცხლბეკის გამაგრება, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება მასზე 1990-იან წლებში მოპარული კომპოზიციების აღდგენა-დამონტაჟება.
ინფორმაციისთვის: ალგეთის ბაზილიკა 1982-1983 წლებში ალგეთის წყალსაცავისა და რეგიონის სარწყავი სისტემის მშენებლობის აღსანიშნავად აიგო. ის 7 მეტრი სიმაღლის მონოლითური ბეტონის ნაგებობაა. 2019 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
90-იან წლებში მონუმენტი გაიძარცვა. მოიპარეს სპილენძის კომპოზიციები – ხარის ორნამენტული თავი და „სიცოცხლის ხე”. ავტორის, გია ჯაფარიძის, მიერ უკვე დამზადდა ახალი კომპოზიციები, რომლებიც მონუმენტზე კუთვნილ ადგილს დაიკავებს.
მთის წვერზე აღმართული ნაგებობა გარემოსა და არქიტექტურის სინთეზის ნიმუშია და ტრადიციის ახლებური ინტერპრეტაციის თვალსაჩინო ნიმუშად გვევლინება.
ალგეთის ბაზილიკას მინიჭებული აქვს სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრემიები.