ქალაქ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, საკრებულოს დეპუტატის თამარ ნადირიძისა და იურისტის კახა ჩავლეშვილის სარჩელი განიხილა, სადაც მოსარჩელე მხარე ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი შემდეგი აქტები: “ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება _ ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მიმართვის თაობაზე -ქ.ოზურგეთის მერის 16.12.2016 წლის #01-3246 მიმართვა საკრებულოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 310 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 45 წლით აღნაგობის უფლების სარგებლობაში გადაცემა პირდაპირი განკარგვის წესით“; “ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარშე სხდომის 19.12.2016 წლის ოქმში #24 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 310 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის 45 წლით აღნაგობის უფლების სარგებლობაში გადაცემაზე პირდაპირ განკარგვაზე საკითხის მომზადებულად ჩათვლისა და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გატანის ნაწილში“; “ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.12.2016 წლის რიგგარეშე სხდომის (ოქმი #24) მიერ მიღებული განკარგულება ოზურგეთის მერისთვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 310 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო მიწის 45 წლით აღნაგობის უფლების სარგებლობაში გადაცემაზე პირდაპირი გაკარგვაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“.
კახა ჩავლეშვილის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად უგულებელყოფილი იქნა თვითმმართველობის გახორციელების ძირითადი პრინციპები.
“კანონიერება, საჯაროობა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება, ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა, ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე, ასევე, დარღვეულია თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის ძირითადი პრინციპები“.
მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ენვერ ჯაფარიძე, კუკური ბარამიძე და გიორგი ხუროშვილი.
კახა ჩავლეშვილმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, ერთ გარემოებაზე _ ბიუროს 19.12. სხდომის სამი სხვადასხვა ოქმი არსებობს, მათ შორის ერთზე ტექნიკური ჩასწორებით და რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე აწერს.
მოპასუხე მხარე კი მოსარჩელეებს განუმარტავდა, რომ ეს არ იყო კანონდარღვევა და ოქმებში მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რაც შემდეგ გადასწორდა.
“რა მოხდა მერე, გაიპარა შეცდომა, ტექნიკური უზუსტობა იყო და ჩასწორდა“, _ ამბობდნენ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარეზოლუციო ნაწილი 20 აპრილს გამოცხადდება.






























































