ასტრონომები ასტეროიდ ბენუდან ჩამოტანილ ნიმუშებს აქტიურად იკვლევენ. ის მათთვის საინტერესოა, რადგან მზის სისტემის წარმოქმნის დროინდელ მატერიას შეიცავს, მაგრამ მისი მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
0.04%-ია შანსი, რომ ბენუ 2 182 წლის სექტემბერში დედამიწას შეეჯახება. მართალია, ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს, ამიტომ სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა ახალი სიმულაციებით პოტენციური კატასტროფის შესწავლა გადაწყვიტეს. კერძოდ, მათ იმის გაგება სურდათ, თუ რა მოხდება შეჯახების შემთხვევაში, რისთვისაც კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს.
ასტეროიდთან ბოლო მასშტაბური შეჯახება 66 მილიონი წლის წინ მოხდა, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. ამ ობიექტის ზომა 10-15 კილომეტრი იყო, ბენუ კი 500-მეტრიანია, ანუ ბევრად პატარა. მეცნიერები ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, ის მაინც საფრთხის შემცველია. სიმულაციების მიხედვით, მასთან შეჯახება სტრატოსფეროში 100-400 მილიონი ტონამდე მტვრის გაფრქვევას გამიწვევს, რაც კლიმატზე, ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობასა და გლობალურ ფოტოსინთეზურ პროცესებზე იმოქმედებს. ასევე, მსოფლიო ტემპერატურა 4°C-ით შემცირდება, ატმოსფერული ნალექი (წვიმა, თოვლი) კი 15%-ით მოიკლებს.
დედამიწასთან 500-მეტრიანი ასტეროიდის შეჯახების ამ და სხვა მსგავსი ეფექტების გამოსავლენად სპეციალისტებმა Aleph-ის სახელით ცნობილი სუპერკომპიუტერი გამოიყენეს. სიმულაციებმა ხმელეთისა და წყლის ეკოსისტემების ცვლილებაც მოიცვა, რომლებიც არა უშუალოდ ობიექტის ძლიერ დაცემას, არამედ ამის შემდგომ ჯაჭვურ რეაქციებს უკავშირდება. ეს იმიტომ, რომ ატმოსფეროში გაფრქვეული დიდი რაოდენობით მტვერი მზის სხივებს დაბლოკავს, რაც ფოტოსინთეზს შეაფერხებს, შედეგად კი კლიმატი შეიცვლება.