მსოფლიოში ადამიანთა უმეტესობა განათებისთვის ელექტროენერგიას იყენებს. შესაბამისად, თუ ყველა ადამიანი სინათლეს ერთდროულად ჩართავს, მასზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.
ელექტროენერგია ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სხვადასხვა სახის საწვავის გამოყენებით გამომუშავდება. ელექტროსადგურები, რომლებიც ელექტროენერგიის ერთგვარი “ქარხნებია”, მას ქვანახშირისგან, ბუნებრივი აირისგან, ურანისგან, წყლის, ქარისა და მზისგან მოიპოვებს. შემდეგ ენერგიას გადამცემ ხაზებს აწვდის, ელექტროგადამცემი ქსელი კი მას სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში ანაწილებს.
იმისათვის, რომ ქსელი სტაბილურად მუშაობდეს, ენერგია რეალურ დროში, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოგვეწოდებოდეს. მაშინ, როცა ადამიანი სინათლეს ანთებს, ის რესურსს ამ ქსელიდან იღებს, საიდანაც გენერატორმა საჭირო ენერგია უნდა მიაწოდოს. თუ სისტემა თუნდაც რამდენიმე წამით დაირღვევა, შესაძლოა, დენი საერთოდ გაითიშოს.
სისტემის ოპერატორები მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერებს იყენებენ. ისინი ელექტროენერგიის მოთხოვნას მუდმივად აკონტროლებენ და მის გამომუშავებას საჭიროებისამებრ არეგულირებენ. ჯამურ მოთხოვნას “ტვირთი” ეწოდება. ის საათობრივად და სეზონურად მნიშვნელოვნად იცვლება.
მთელს მსოფლიოში ადამიანებმა სინათლე ერთდროულად რომ ჩავრთოთ, ელექტროენერგიაზე უზარმაზარი და მოულოდნელი მოთხოვნა წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ელექტროსადგურებს დაზიანების თავიდან ასაცილებლად ენერგიის ძალიან სწრაფად გამომუშავება მოუწევდა.
ყველა ელექტროსადგური მოთხოვნაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ქვანახშირისა და ბირთვულ სადგურებს დიდი მოცულობის ენერგიის გამომუშავება თითქმის ნებისმიერ დროს შეუძლია. მიუხედავად ამისა, თუ ისინი მწყობრიდან გამოვა, ხელახლა გააქტიურებას, შესაძლოა, საათები დასჭირდეს. ამასთან, მათი რეაგირება მოთხოვნის ცვლილებაზე შედარებით ნელია.
ბუნებრივ აირზე მომუშავე სადგურები მოთხოვნაზე ბევრად სწრაფად რეაგირებს. ამ მიზეზით, ისინი ხშირად გამოიყენება იმ დროს, როცა ყველაზე მეტი ელექტროენერგიაა საჭირო — მაგალითად, ზაფხულში.





























































