საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერის თანახმად „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში რიგი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ სპეციალური მასწავლებლები. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.
დოკუმენტში წერია, რომ განხორციელებული ცვლილების მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
ამ დადგენილებით, სპეციალურ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ასევე გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული. გარდა ამისა, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
ამასთანავე, სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
ამასთან, სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.