გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. აღნიშნული ინფომაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა _ 355, ნოემბერში _ 444, დეკემბერში _ 522, იანვარში კი _ 745 შეადგინა.
რა პასუხისმგებლობას იღებს ხელისუფება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ამ საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ ისაუბრა.
,,მეორე სტატისტიკაც ნახეთ, ალბათ, სადაც წერია, რომ თავშესაფართა მაძიებლების 60% კრიმინალური საქმიანობით არის დაკავებული. ეს რეალობა ძალიან სამწუხაროა, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ზოგადი სტატისტიკა, სადაც წერია, რომ მთლიანობაში, 226 ათასმა ადამიანმა ისარგებლა უვიზო გადაადგილებით, ამიტომ ამ რიცხვთან შედარებით, ეს მაჩვენებელი არის პატარა.
დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით საინფორმაციო კამპანია გააქტიურდება, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია ვიზალიბერალიზაცია. ევროპული ცხოვრების წესთან დაახლოების ერთ-ერთ სერიოზულ გზას საფრთხე არ უნდა შევუქმნათ. ჩვენი ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა თითოეული ადამიანზეა დამოკიდებული.
ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს და გააანალიზოს, რომ არასწორი ქმედებით და კანონის იგნორირებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. კარგია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით უფრო აქტიური მუშაობა დაიწყო და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს სახელის შელახვა, რომელიც, ძირითადად, კრიმინალური ქმედებებიდან გამომდინარე ხორციელდება, მაქსიმალურად იყოს შემცირებული“, _ განაცხადა ბუკიამ.