ხშირად ისმის კითხვა _ კორონავირუსის პანდემიის პირობებში როგორ ჩააბარებენ აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს? რეკომენდებულია თუ არა, მოსწავლეების ერთ დახურულ სივრცეში რამდენიმე საათი მოთავსება და სოციალური დისტანცირების პირობებში, როგორ უნდა ჩატარდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები? – აბიტურიენტებს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. გამოსავალი მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად უნდა მოძებნოს. ოფიციალური კომენტარები ჯერ არ კეთდება. ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ გამოცდები დისტანციურად არ ჩატარდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კი არ არის გამორიცხული, გამოცდების ჩატარების თარიღი შეიცვალოს ან თავად გამოცდების პროცესიც უფრო გახანგრძლივდეს.
აბიტურიენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება რომ დაცული იყოს, ამისთვის განათლების სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად უკვე მუშაობს. სპეციალისტებმა ის რეკომენდაციები უნდა შეიმუშაონ, რომელთა გათვალისწინებითაც 2020 წლის გამოცდები ჩატარდება.
მომავალი სტუდენტების დიდ ნაკადს ელოდებიან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტშიც. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად სტუდენტები აქაც ონლაინ ლექციებს ესწრებიან. უმაღლესი სასწავლებლების დიდ ნაწილში სავარაუდოდ შიდა გამოცდებიც ვირტუალურად ჩატარდება.
სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელების ერთი ნაწილი განათლების სამინისტროს სთავაზობს, შექმნილ ვითარებაში ერთიანი ეროვნული გამოცდები სკოლებში ჩატარდეს. მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით სოციალური დისტანცირება უფრო მეტად იქნება დაცული.
ხელისუფლება არ აპირებს, მიმდინარე სასწავლო წელი აკადემიურ წლად გამოაცხადოს. გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 30 აპრილამდე უკვე გახანგრძლივდა. რა ფორმით ჩატარდება გამოცდები, შესაძლოა, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას გაირკვეს.
წყარო: “კურიერი”