იმისთვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა მართვის მოწმობის მისაღებ როგორც თეორიულ, ისე – პრაქტიკულ გამოცდაში, პირველ რიგში, აუცილებელია, დაიცვათ მთავრობის რეკომენდაციები და მომსახურების სააგენტოში პირბადით გამოცხადდეთ, – განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, იმედა მაკასარაშვილმა „იმედის დილასთან“ საუბრისას.
მისივე განცხადებით, საგამოცდო ცენტრებში დაცულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები.
„მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო ხსნარით რეგულარულად ამუშავებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავთ ყველა იმ რეგულაციასა და რეკომენდაციას, რომელიც უწყებათშორისი საბჭოს მიერაა დადგენილი. ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას და ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილნი არიან, როგორც ფარებით, ასევე – პირბადეებით. სატრანსპორტო საშუალებებში არის სადეზინფექციო ხსნარები და როდესაც ადამიანი გამოცდაზე მოდის, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირბადე.
პირველ რიგში, ხდება მისი თერმოსკრინინგი, შემდეგ ხელის ხსნარით დამუშავება და ამის შემდეგ ის გადადის სატრანსპორტო საშუალებაში ან თეორიული გამოცდის ოთახში.
ამ ეტაპზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხალხის მოდინება არ შეინიშნება. მართვის უფლების მისაღებად, თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გარკვეული კლება გვაქვს. ამ პერიოდში განსაკუთრებული დაინტერესება არც თეორიული და არც – პრაქტიკული გამოცდების მიმართ არ შეინიშნება.
პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ მოგვიწია გარკვეული სერვისების შეზღუდვა, გავაჩერეთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, გარკვეული ტიპის სერვისები კი გვქონდა დისტანციური არხების მეშვეობით, თუმცა ამჟამად ჩვეულ რეჟიმში, რეკომენდაციების დაცვით ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
25 მაისიდან საქართველოში თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგა მათთვის, ვინც ელექტრონულად დაჯავშნა რიგი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ვერ ისარგებლა სერვისით.
წყარო: იმედინიუსი