ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ამირან გიგინეიშვილი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის აპირებს მიმართვას.
გიგინეიშვილის მოსაზრებით, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტთან დაკავშირებული რიგი საკითხები არა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როგორც ეს რეალობაში ხდება, არამედ უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერმა უნდა წარმოადგინოს.
„დაირღვა საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, როდესაც საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად არაუფლებამოსილმა პირმა გამოიტანა. კერძოდ, კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კოდექსის შესაბამისად, მერს არ აქვს უფლება, მოახდინოს საკრებულოზე გასატანი საკითხს დელეგირება სხვა პირზე, თუ ეს საკითხი საკრებულოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს“, _ აღნიშნა გიგინეიშვილმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საფინანსო სამსახურის უფროსმა დეპუტატებს მიმდინარე წლის ბიუჯეტში გასახორციელბელი ცვლილება წარუდგინა. დეპუტატმა მმართველი გუნდს პროცედურულ საკითხებში ცვლილების შეეტანა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხთან მიმართებაში სასამართლოსთვის მიმართვა დაანონსა.
პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ამირან გიგინეიშვილმა უკმაყოფილება საკრებულოს წინა სხდომაზეც დააფიქსირა, სადაც საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო დეპუტატებს. მაშინ დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
შექმნილ სიტუაციაში ეთიკისა და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ვერიკო კვირკველია პროცედურულ დარღვევას ვერ ხედავს, ვინაიდან საკითხი საკრებულოში მერის ხელმოწერითაა შესული.
„ამ შემთხვევაში, ბიუჯეტი წარმოდგენილი და შემოსულია მერის, ალექსანდრე სარიშვილის ხელმოწერით, უბრალოდ, საფინანსო სამსახურის უფროსი საკითხის მოხსენებას, ანუ შინაარსის მოყოლას ახდენს. შესაბამისად, სამსახურის უფროსთან ერთად თანამომხსენებელია მერიც“, _ განმარტავს კვირკველია.